საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი.
საპატრიარქო განცხადებაში უთითებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.
„მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა.
- აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:
საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.
გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები”, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში წირვაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქთან შეთანხმება ვერ მოასწრო.
მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ქართულ ეკლესიაში წირვის ჩატარება და ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ აღდგენილი ქართული ფრესკების გამოფენაზე დასწრება იყო.