სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე.
„ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.
„არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.