კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ძალებმა, მაისის დასაწყისიდან, კიევის წინააღმდეგ მეცამეტე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
საჰაერო განგაში ღამის სამ საათზე, კიევიდან დაიწყო და შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. განგაში დილის ექვსი საათისთვის შეწყდა.