ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მილოცვაშია ნათქვამი.
ბლინკენის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში, და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი და მტკიცე მისწრაფება ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად.
„ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოში.
დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.