საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იზმირის „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.