საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად - ღარიბაშვილი

შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში და ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც. სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას,“ - აღნიშნა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.