სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ.
„ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის,” – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე გზა ჯერ კიდევ გასავლელია.
„დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე - ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.