ისრაელის ელჩი: ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი უნიკალურია, ორივეს გვესმის, რაოდენ ძვირფასია დამოუკიდებლობა

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო.
დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ.
თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული.
ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის, თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.