საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ, ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ნამდვილი თავისუფლება და წარმატებები! - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირიდან ულოცავს.
როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულია.
„26 მაისი ბევრ რამეს გვახსენებს თითოეულ ჩვენგანს - თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელი და სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ფორმალურ, იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი და ჩვენ რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
- 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.