დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე უპასუხა მედიის შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტის კრიტიკულ სიტყვას.
„მე შემიძლია, ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებას ვერ გავაკეთებ. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ეს არის ის, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ეს არის ის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ხალხი. ეს დადასტურდა სულ ახლახან შუალედურ არჩევნებზეც და არაერთ არჩევნებშიც.
ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ., გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც თავისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს სიტყვა „მოღალატით“ და ვინ შეაწყვეტინა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა.
„დღეს დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი განწყობა, რაც უნდა იყოს, არის პოზიტიური განწყობა. უნდა იყოს გააზრება ჩვენი დიდი ისტორიისა, ჩვენი ახლო წარსულისა და ჩვენი სამომავლო გეგმების. არ მგონია, დღეს ის დღე იყოს, როდესაც ნეგატივზე უნდა ფიქრობდეს ჩვენი ერი თუ პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.