პარტია „ლელოს“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს. მანამდე, აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. ჩვენი მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლთან შეგნებულად დამთავრდა, იმიტომ, რომ იმ სახალხო მოძრაობაში დისონანსი არ შეგვეტანა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მინდა ანა ნაცვლიშვილს ვთხოვო, ეს ორი უმშვენიერესი დროშა წაიღოს და ჩვენი ქართველი ხალხის სახელით პარლამენტის შენობიდან გადმოფინოს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინეს.
- მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.