საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ალექსანდრე ლომთათიძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრა.
„მოგესალმებით, მეუფე შიო. მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთი დიდი მამულიშვილის ნეშტი ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ მიწაში. თვალსაჩინო პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი, ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ, მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა, გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია, ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა, ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს.
თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უზბეკეთში, ბატონ ზურაბ აბდუშელიშვილს, უზბეკეთის მთავრობას, ამ საქმის ორგანიზებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა!“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. სამების ტაძარში მყოფებს სიტყვით აგრეთვე მიმართა აპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა პედაგოგად.
1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
„ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.