ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების 50 წლით დაწესება სთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციების და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებას და ირანის აქტივების უკრაინიდან გატანის აკრძალვას.
ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანს სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესეს.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 28 მაისს, გამთენიისას განხორციელებული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმისას, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სულ მცირე 54 ირანული წარმოების დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვამ მათგან 52 ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევებმა კიევში, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.