ჯო ბაიდენი: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება

აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით დგომას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

„ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.