თოყაევი: ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას

ყაზახეთის პრეზიდენტი გამოეხმურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.

ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელორუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი.

„ახლახან, ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანა ამ საერთაშორისო დოკუმენტების ერთგული რჩება.