გლობსეკის უსაფრთხოების ფორუმი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა, როდესაც საკითხი ეხება ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას, პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად ყოველ წელს იღებს გლობსეკის ფორუმში მონაწილეობას, წელსაც ტრადიციულად ესტუმრა ბრატისლავას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე, ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაგვემახვილებინა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ასევე პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.