დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იქნება მოწოდებების გასაჟღერებლად, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაჟღერდეს მოწოდებები - საქართველომ [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] სტატუსი მიიღოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 12 რეკომენდაცია ე.წ. გზამკვლევი, ივნისის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში უარის თქმამ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.