ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ეფექტურად აღსაკვეთად, მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული წესების ხელახლა შეფასება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს.
როგორც ევროკომისია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის.
ამავდროულად, ევროკომისია დასძენს, რომ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შესაძლოა წარმოიქმნას მნიშვნელოვანი მიგრაციული და უსაფრთხოების გამოწვევები.
ამასთან, ევროკომისია აცხადებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა შესაბამისობამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა შესაძლოა სატრანზიტო ჰაბად გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისთვის. აღნიშნულის მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ის ქვეყნებია დასახელებული, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს და რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მზარდი რაოდენობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა.
საკითხზე ევროკომისიასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონტაქტის შემდეგ, უვიზო რეჟიმთან შესაბამისობის მხრივ, არსებითი პროგრესის მიღწევა მოხდა. შედეგად კი, ევროკომისიის ცნობით, არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში შემცირდა.