საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, ამდენი ლიდერის აქ ყოფნა, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ჩვენი, მრავალი სახელმწიფოს ერთიანობის შესახებ, და არამხოლოდ ევროკავშირის. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.