დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.
„1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.
ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები 3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა.
დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.
დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.