გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი წლის პერიოდში ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (DCFTA) მიმართულებით. ასევე, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით განიხილავს. არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ პროგრესი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმედია, ეს ასეც იქნება, საქართველო, მთლიანად ქართველო ერი ველით ამას“, – განაცხადა შამუგიამ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.