რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ, სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
შეგახსენებთ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე პირი. მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
არასამთავრობოების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი, საბა ბრაჭველი, აქტივისტი, ნიკა რომანაძე და სხვები.
შსს 2 ივნისს სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებდა, მათ შორის იყო ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
2 ივნისს, მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
პირველ ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან დააკავეს ბექა გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.
გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.