ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია

სომხეთმა უარი განაცხადა რუსეთის ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო გზების გაკონტროლებაზე იმ პირობით, რომ ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანთან ბლოკადა მოეხსნება და სრულ კონტროლს სომხეთი განახორციელებს. Haqqin.az-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

„განბლოკვის მხრივ, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ნათელია ყველა პარტნიორისთვის. საზღვრებზე სრულ კონტროლს, სასაზღვრო სამსახურებზე კონტროლს სომხეთი განახორციელებს. სომხეთის კონტექსტში განბლოკვა ნიშნავს, რომ მხოლოდ სომხეთი განახორციელებს სასაზღვრო მომსახურებას“, - განაცხადა გრიგორიანმა.


აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება“.

სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა, რათა მომხდარიყო ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილების ორგანიზება. სატრანსპორტო კომუნიკაციებზე კონტროლს კი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახური ახორციელებდა.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა 5 ივნისს აღნიშნა, რომ „სომხეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა“.

„იმედი მაქვს აზერბაიჯანმა და რუსეთმა ჩვენი პოზიცია გაითვალისწინეს და ამ პრინციპის საფუძველზე წინ წაიწევენ“, - განაცხადა გრიგორიანმა.

ცნობისათვის, 2 ივნისს მოსკოვში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით კოორდინაციაში.

„კერძოდ, არსებობს ურთუერთგაგება ერასხი-ჯულფა-მეჰრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენისა და ორგანიზების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოვერჩუკმა.


წყარო

ასევე წაიკითხეთ: