ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ჯეიმს კლევერლის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ NATO-ს სამიტისთვის მზადების, სამშვიდობო ფორმულის განხორციელებისა და უკრაინის აღდგენის საკითხები განიხილეს.
 
„შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური საკითხები: უკრაინის მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის პოპულარიზაცია და გლობალური სამიტის მომზადება მის განსახორციელებლად, ასევე, ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კლევერლის მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, რის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისთვის, უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას დაიწყებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის დედაქალაქს ბოლოს ზამთარში ეწვია.