ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, ტურიზმი და სხვ.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის, აგრეთვე საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში“.