საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საინტერესო და შინაარსიან საუბარს ელის.
„გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ; ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ, 2008 წელს გამოვიარეთ ეს უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“.
„მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რადგან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. ოლაფ შოლცი ყველა გამოსვლაში უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ. შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ შედეგებზე“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.