21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით, რომლის პროექტირებაზე, მოწყობასა და ზედამხედველობაზე ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა იმუშავეს.
„უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით, უმოკლეს ვადებში დასრულდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე. ფაქტობრივად კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიას სტადიონებს. მნიშვნელოვნად განახლდა დინამო არენაც, სადაც მოეწყო ახალი ბალახის საფარი, განათება, გახმოვანება, დამონტაჟდა ახალი ტაბლო და დღეს ამ ინფრასტრუქტურას უკვე აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გააჩნია. რეაბილიტაციებთან ერთად, ასევე, ოთხი ახალი ტექნიკური საწვრთნელი კომპლექსი აშენდა ქობულეთში, წყალტუბოში და ბათუმში,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა.
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.