ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეზე, რუსეთმა ევროპული კონვენცია დაარღვია. საუბარია ნავალნის მოწამვლის საქმეზე, რომელიც დასავლეთის შეფასებით, მკვლელობის მცდელობა იყო.

სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა ღია გამოძიებაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა ნავალნის სისტემაში საბჭოთა პერიოდის ქიმიური ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ არსებობის „გარკვეული მტკიცებულება“.

„რუსეთის გამოძიებას არ შეეძლო შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შესაბამისად, რუსეთს დაევალა ნავალნისთვის 40 000 ევროს (43 000 დოლარი) ანაზღაურება.