პაველ ჰერჩინსკი: მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება.

„როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის პოზიციაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

„რადგან მეკითხებით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.