აშშ და საუდის არაბეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და განსაკუთრებით, სუფთა ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაფართოებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის კომენტარში, რომელიც მდივან ენტონი ბლინკენისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შეხვედრას ეძღვნება. ლიდერები განიხილავენ სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოებას იემენში, ადამიანის უფლებებსა და ორმხრივ თანამშრომლობას.
ბლინკენი ოთხშაბათს, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან მინისტერიალს დაესწრება და განიხილავს უსაფრთხოების, სტაბილურობის, დეესკალაციის, რეგიონული ინტეგრაციისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებს.
„მდივანმა გამოხატა მადლიერება საუდის არაბეთის ლიდერობის მიმართ მინისტერიალის მასპინძლობისას და ხაზი გაუსვა ჩვენს ერთობლივ მცდელობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა განცხადებაში.
„მხარეებმა დაადასტურეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული ერთობლივი ვალდებულება ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მეშვეობით იემენში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, - აღნიშნა მილერმა.