ელჩი პრემიერის გერმანიაში ვიზიტზე: უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.

„როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ცალსახად, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, იმისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ 27 წევრი ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს, რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.