დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ერთი დღით გახსნა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი დღეს დილიდან, გამონაკლისის სახით, ერთი დღით გაიხსნა.

ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მისივე თანახმად, დღეს, დილის 7 საათიდან კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის გზა გახსნილია. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გზის გახსნის გადაწყვეტილება ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს.

მოსაბრუნის (ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, რაზდახანის) საგუშაგოზე გადაადგილება გამარტივებული წესით 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

„ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ნებადართულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში გამშვებ პუნქტ „რაზდახანის" გავლით 7 ივნისის 8:00 სთ-დან 8 ივნისის 20:00 სთ-მდე", - აღნიშნულია დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში.


გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს დაევალა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ოკუპირებულ ახალგორთან განთავსებული მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვამდე იხსნება ხოლმე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი რელიგიური დღესასწაული გახდა. ამ დღეს ქართველები და ოსები ლომისის სალოცავში ერთად აღნიშნავენ ხოლმე და გზის გახსნა ორივე მხარის ინტერესში იყო.

მისივე თანახმად, „ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია.

მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. გაგლოევი ახალგორელებს დაჰპირდა რომ გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება“.