უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიარაღებული ძალების შეტევა ბახმუტის მიმართულებით, უკვე მესამე დღეა, გრძელდება.
ჰანა მალიაჰის ინფორმაციით, აღმოსავლეთი რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, ბრძოლები გრძელდება რამდენიმე მიმართულებით.
„დაძაბული ვითარება შეიმჩნევა მარინკაშიც, მაგრამ ბახმუტის მიმართულება კვლავ რჩება იმ ეპიცენტრში, სადაც რამდენიმე დღეა, დაცვიდან შეტევაზე გადავედით, დღეს მესამე დღეა. და იქ მტერი იძულებულია, მტკიცედ დაიჭიროს თავისი პოზიციები, მაგრამ არ გამოსდის, მათ არ აქვთ საკმარისი ძალა, ჩვენ ახლა ვანადგურებთ მტრის დიდ ძალას და ვხედავთ, რომ ისინი სიღრმიდან გადაანაწილებენ თავიანთ რეზერვებს, რათა შეინარჩუნონ ძლიერი თავდაცვა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.
პარალელურად, Washington Post-ი წერს, რომ თეთრ სახლში ადასტურებენ უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებას.
აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, მთავარი მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე სახმელეთო ხიდის გაჭრა, რომელიც აკავშირებს რუსეთს მის საოკუპაციო ძალებთან ყირიმში.
ამერიკული მედიის ცნობით, როგორც ჩანს, უკრაინის სტრატეგიის ნაწილია თავდასხმა რამდენიმე ზოლის გასწვრივ, რომ შეძლონ ძალების გადაადგილება, მათ შორის ყველაზე დიდი შესაძლებლობის სამიზნეებზე დასარტყმელად.
„ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ არ მიუღიათ დასკვნა, რუსეთმა დაანგრია კაშხალი თუ უკრაინამ. მაგრამ მისმა დაკარგვამ შეიძლება, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის ახლა უფრო რთული იქნება დნეპრის სამხრეთით წინსვლა, მაგრამ ასევე შეიძლება, უფრო რთული იყოს რუსეთის ჯარებისთვის მანევრირება და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა“, – წერს WP.