დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც ტრანზიციაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ძლიერ, მედეგ და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, საქართველო ჯერაც გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ფრანგი და სხვა მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ჩვენი ხედვის განხორციელებას მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა. პრეზიდენტი მაკრონი ევროპული მიზნების გამორჩეული მხარდამჭერია. დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით.
ჩვენს ორ სახელმწიფოს საერთო ისტორიისა და კულტურის საინტერესო პერიოდები აკავშირებდათ. დღეს კი, ჩვენ ვერთიანდებით დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საერთო მიზნებით. ღმერთი ფარავდეს ამ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს. დაე, კიდევ მრავალი ათწლეული ვითარდებოდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.