ბელორუსის ციხეში მყოფი რუსი მოქალაქე, სოფია საპეგა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა.
მიმდინარე წლის აპრილში სოფია საპეგა რუსეთში ექსტრადირებას დათანხმდა. მანამდე კი, შეწყალების მოთხოვნით მიმართა ლუკაშენკოს, მაგრამ მაშინ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბელორუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, რომ ის ციხიდან გაათავისუფლეს და პრიმორიეს ოლქიდან ჩასულ რუსეთის დელეგაციას უკვე გადასცეს.
საპეგა 24 წლის იყო, როდესაც 2021 წლის მაისის ბოლოს დააკავეს თავის მეგობართან, ბელორუსის ოპოზიციური ტელეგრამის არხის, NEXTA-ს ყოფილ მთავარ რედაქტორთან, რამან პრატასევიჩთან ერთად.
Ryanair-ის თვითმფრინავი, რომლითაც ისინი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ, იძულებით დასვეს მინსკში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყალბი ცნობა, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო.
ბელარუსის სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალური სიძულვილის გაღვივების, ძალადობის ან პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის მუქარის ბრალდებით.
საპეგას ასევე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვება და გავრცელება.