რუსული ელიტა სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა პუტინის მიერ ომში გამარჯვების პერსპექტივით და ყველაზე ოპტიმისტებიც კიმ გაყინულ კონფლიქტს კრემლისთვის საუკეთესო შედეგად მიიჩნევენ, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის ბევრი წარმომადგენელი დაიღალა ომით და სურს მისი შეჩერება, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას“,- ნათქვამია სტატიაში.
წყაროების თანახმად, ყველაზე ხელსაყრელი პერსპექტივა იქნება წლის ბოლოს მოლაპარაკებები, რაც კონფლიქტს „გაყინავს“ და პუტინს საშუალებას მისცემს, „პიროსის გამარჯვება“ მოიპოვოს დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის შენარჩუნებით.
სტატიის ავტორი წერს, რომ დაუცველობის განცდა იზრდება რუსეთის შიგნით თავდასხმების გამო, მათ შორის ყველაზე დიდი უპილოტო დარტყმები მოსკოვზე, ომის დაწყების შემდეგ, გასულ კვირას მოხდა. ასევე, საომარი მოქმედებების გავრცელებამ ბელგოროდის რეგიონში, შეარყია პუტინის, როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტორის იმიჯი.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, ელიტის უმეტესობა აგრძელებს მუშაობას, დარწმუნებულია, რომ მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოვლენებზე.
დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, გრძელდება. მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დადებითად შეაფასა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების“ დაბრუნებას.