ოლეკასი 12 პრიორიტეტზე: გავეცანი, რა გააკეთა საქართველომ, კარგი წიგნია, გილოცავთ, თუმცა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჯოზას ოლეკასიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს.

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა ჯოზას ოლეკასმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.