დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა

დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

მინსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ხელშეწყობაში მისი როლის გამო დასანქცირდა.

ახალი ზომები მოიცავს იმპორტის აკრძალვას და ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი პაკეტი ზრდის ეკონომიკურ ზეწოლას ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად ეხმარება რუსეთის ძალისხმევას ომში, უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“.


სანქციები მოიცავს ბელორუსიდან ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და კაუჩუკის იმპორტის აკრძალვას და ამავე დროს დიდი ბრიტანეთიდან ბელორუსში ბანკნოტების, სამრეწველო აღჭურვილობის, ასევე, ისეთი საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად.

ბელორუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში. ამავე დროს ქვეყანაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო ავიაცია.