მედია: ჩეჩნეთში ჩინური წარმოების ჯავშანტექნიკა ჩაიტანეს, პეკინი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

მედიის თანახმად, ჩეჩნურმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა „ახმატმა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ახალი მანქანები მიიღო - მათ შორის რვა ჩინური წარმოების ShaanXi Tiger 4x4 ჯავშანტრანსპორტიორია. მანამდე ჩინეთმა არაერთხელ უარყო რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.

ახალი ტექნიკით ვიდეო ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ტელეგრამ არხზე 7 ივნისს გამოჩნდა.

ის ახლო თანამოაზრეებთან ერთად მართავდა ერთ-ერთ ჯავშანტრანსპორტიორს.

უცხოურმა წყაროებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის რუსეთს აწვდის სხვადასხვა აღჭურვილობას და კომპონენტებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ამავდროულად, ჩინეთი ამტკიცებდა, რომ ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს და არ ყიდის იარაღს კონფლიქტის ზონებში. კერძოდ, აპრილში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი არ აწვდის და არ მიაწოდებს იარაღს არც რუსეთს და არც უკრაინას.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ბლინკენი აპირებს ჩინეთში ვიზიტით ჩასვლას.