გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შეხვედრის შინაარსს ავრცელებს.
გერმანული მხარის ცნობით, ლიდერების მიერ განხილულ საკითხებს შორისაა: გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები.
ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით.
კანცლერის ოფისის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას.
ამ კონტექსტში კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში მაქსიმალურ ძალისხმევა მიმართოს აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად.
„უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.