უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში ორმხრივ შეხვედრაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება.
უკრაინის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი და განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
„დღეს, ჩვენს ერთობლივ განცხადებაში დავაფიქსირეთ კანადის მხარდაჭერა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისადმი“, - წერს თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, იგორ ჟოვკვას თქმით, კანადა მე-20 სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
„კანადა სრულად უჭერს მხარს NATO-უკრაინის საბჭოს, როგორც ადგილს შემდგომი თანამშრომლობის გაზრდისა და გაფართოებისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინის წინსვლას ევროატლანტიკური ოჯახისკენ, ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად, და მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს“, - წერია დოკუმენტში.
ამავე დეკლარაციით, უკრაინა და კანადა თანხმდებიან რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე შემდგომი სანქციების გზით, რათა შეასუსტონ რუსეთის უნარი, გააგრძელოს აგრესიის უკანონო ომი.
ცნობისათვის, კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციებისთვის საკუთრების ჩამორთმევისა და კონფისკაციის მიმართულებით წამოიწყო პროცესი.