მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, რასაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეაქცია მოჰყვა.
მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.