არ მინდა, უსამართლო გადაწყვეტილებით, მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს - კალაძე კანდიდატის სტატუსზე

მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მოსახლეობა ამას დაინახავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხელისუფლების ცვლილება ეს არის ოპოზიციის ოცნება, მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს 2024 წლის არჩევნებზე. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული და გაკეთებული იქნება, რას ნიშნავს ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული? წარმოდგენილი იყო 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც მიეცა სტატუსი, პირველი იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებითა და თვალსაზრისით. ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, მაგრამ იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის გამოეყენებინებინათ", - განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.