უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ ტყვეობიდან 2526 უკრაინელი გაათავისუფლა.
11 ივნისს უკრაინამ 95 დამცველი დაიბრუნა.
გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი (მათ შორის თავდაცვის ძალების 15 წევრი), ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი, რიგითები და სერჟანტები არიან.
ასევე გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. 27 გათავისუფლებული დამცველი დონეცკის მიმართულებას (მათგან ხუთი ქალაქ ბახმუტის მახლობლად) იცავდა. ასევე არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის მიმართულებების დამცველები.
„ყოველთვის, როცა ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან ვაბრუნებთ, გვახსოვს ჩვენი ფუნდამენტური მიზანი: მტერს არ დავუტოვებთ არაფერს უკრაინისას. გუშინ კიდევ 95 ჩვენი ბიჭი, ჩვენი მეომარი, დავაბრუნეთ ტყვეობიდან“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.