ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ძალიან მალე გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
ამერიკამ სამხედრო დახმარება უკრაინას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.
კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ზუსტად იცის, რა სჭირდება უკრაინას, მათ შორის მისი ამჟამინდელი კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის.
კერძოდ, აშშ-მ განაცხადა, რომ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის დახმარების გაწევის ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც მრეწველობასთან და პარტნიორ ქვეყნებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ითვალისწინებს, შესაბამისად აღჭურვილობა უკრაინას უახლოეს პერიოდში არ გადაეცემა.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტებს Patriot-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Hawk-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს, 105 მმ და 203 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, Puma უპილოტო საავიაციო კომპლექსებს, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის ლაზერული დამიზნებით, ასევე, დახმარებას ტექნიკის მომზადებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და უზრუნველყოფაში.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის შესაძლებლობების მისაცემად, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე საჭიროებების და უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.