მალიარმა ბრძოლის ველზე არსებული სურათი შეაჯამა

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე ვითარება დინამიკურია, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები როგორც შეტევით, ისე თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
 
მალიარის ცნობით, ამ დროისთვის შეტევითი მოქმედებები რამდენიმე რაიონში გრძელდება.
 
„პარალელურად გვაქვს თავდაცვითი მოქმედებებიც, რადგან მტერი რამდენიმე რაიონშიც მიიწევს წინ. შესაბამისად, ვითარება დინამიკურია. სადაც წინ მივიწევთ, ესაა ბახმუტის რაიონი და ყველამ იცის, რომ აღმოსავლეთი არის საომარი მოქმედებების ეპიცენტრი. ამავდროულად, იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და უნდა გვესმოდეს, რომ მტერი უბრალოდ არ თმობს პოზიციებს, რომლებიც ადრე იყო დაკავებული, ამიტომ, ეს ძალიან რთული ბრძოლებია“, - განაცხადა მალიარმა. 
 
უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციაზე, მათ შორის ამინდი.

„გარდა ამისა, მტრებმა გაზარდეს არტილერია და ნაღმტყორცნები. ცდილობენ, შეანელონ ჩვენი ძალების მოძრაობა დაბომბვით და იღებენ სხვა ზომებს", -აღნიშნავს მალიარი.