უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით განხორციელდა.
კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით, 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა დარტყმა.
„სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.
ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსმა სამხედროებმა 10 ირანული დრონით "Shahed-136/131" იერიში განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 9 დრონი განადგურებულია. ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქის ტერიტორიიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ჯარმა გაუშვა საჰაერო ბაზირების ექვსი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ოთხი ბომბდამშენიდან Ту-22М3.
„უკრაინის საჰაერო ძალების საშუალებებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ღამის იერიშის დროს განადგურებულია 12 საჰაერო მიზანი: სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი" და ცხრა ირანული დამრტყმელი დრონი Shahed-136/131", - ნათქვამია ინფორმაციაში.