უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა რუსეთის ტერორი უნდა აღკვეთონ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმა კრივი-რიჰზე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც ასეთ ტერორს შეუძლებელს გახდის.
პირველ გამოსავლად ზელენსკის საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაჩნია, პლუს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები. უკრაინის ლიდერის თქმით, „მხოლოდ მაშინ მიხვდება ტერორისტული სახელმწიფო, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა რუსეთის დამარცხებისა და მშვიდობისა ყველა უკრაინელისთვის.
„მეორე - ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ახალი რაკეტების წარმოებისთვის ტერორის საფუძვლის განადგურება. სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტები მთელი მსოფლიოს კომპანიებისგან, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნიდან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„დღეს კი ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ დიპლომატებს შესაბამისი ქვეყნებიდან. ყველა პარტნიორს აქვს კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს აწვდიან კომპონენტებს მკვლელობისთვის. ეს სია ხელმისაწვდომია. მსოფლიოში ყველას ესმის, როგორ ცდილობენ რუსი ტერორისტები, მოატყუონ მსოფლიო. ჩვენ ველოდებით დასკვნებს და სწრაფ მოქმედებას რუსული სარაკეტო ტერორის შესაჩერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე გაუსვა ხაზი, რომ უკრაინამ დააწესა სანქციები რუსეთში არსებულ ყველა კომპანიაზე, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებს. ასეთი სრული სანქციები კი, უნდა დაწესდეს გლობალურად ყველა მათგანის მიმართ. „სანქციების გვერდის ავლის ყველა გზა სათანადოდ უნდა დაისაჯოს გლობალურ დონეზეც", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.