ვიმედოვნებთ, დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით - ჰერჩინსკი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების დონეზე.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.