რეზნიკოვი აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე: რუსებს სახლისკენ გზის პოვნაში დაეხმარება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა შეერთებულ შტატებს უკრაინის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საბრძოლო მასალა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა და დავეხმაროთ რუსებს, იპოვონ გზა სახლისკენ. ეს არის ჩვენი გეგმა ამ ზაფხულისთვის და მის შემდეგ - სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა ლოიდ ოსტინს (აშშ-ის თავდაცვის მდივანს) და ამერიკელ ხალხს უსაფრთხოების დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის!“ აღნიშნა რეზნიკოვმა.


სამშაბათს პენტაგონმა უკრაინისთვის მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

დახმარება მოიცავს HIMARS საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ჯავშანტექნიკას. უკრაინა მიიღებს უფრო მეტ ბრედლის ქვეით საბრძოლო მანქანებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გაანადგურა დასავლეთის მიერ მიწოდებული რამდენიმე ტანკი. 


აშშ უკრიანას დამატებით 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. უკრაინა NASAMS-ისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლოს მასალას მიიღებს.

დახმარება ასევე მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ.

აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, 40 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გაუწია.